,,ყველის დედა"

,,ყველის დედის“ დამზადების ძველი ტრადიცია
          როდესაც გავეცანი ,,ჩეჩილი“ ყველის მომზადების ტექნოლოგიას, გამიჩნდა სურვილი გამეგო როგორ ამზადებდნენ უწინ ,,ყველის დედას“. ამიტომ გამოვკითხე ჩვენი სოფლის უხუცესი ქალბატონები, რომლებმაც დაწვრილებით ამიხნეს ,,ყველის დედის“ მომზადების პროცედურები.
       თანამედროვე პერიოდში ყველის შესადედებლად ძირითადად იყენებენ პეპსინს. შემიძლია ვთქვა, რომ პეპსინით დამზადებული ყველი ხანგრძლივი შენახვისთვის არ არის გათვალისწინებული. მაშინ, როცა ,,ყველის დედით“ შედედებული ყველი შეგიძლიათ მთელი წლის და მეტი ხნის განმავლობაშიც კი შეინახოთ, რათქმაუნდა თუ მარილწყალი კარგადაა დამზადებული და ტემპერატურაც შედარებით დაბალი იქნება (სარდაფის პირობებში).
      ,,ყველის დედას“ ჩვენი წინაპრები ყველანაირი ყველის შესადედებლად ხმარობდნენ და ბუნებრივია მისი დამზადებაც   ყველა  გლეხის  ოჯახში  ხდებოდა. მისი მომზადების პროცედურები საკმაოდ შრომატევადი იყო და საჭიროებდა გარკვეულ პერიოდს.
     ,,ყვლის დედას“ ამზადებდნენ დვრიტისაგან (ეს არის ძროხის კუჭის ერთ-ერთი განყოფილება - მაჭიკი). როცა საქონელს ან ღორს  დაკლავდნენ, იმ წუთშივე იღებდნენ დვრიტას (კუჭს),  სასწრაფოდ რეცხავდნენ და გადასცემდნენ დიასახლისს. იგი  შემდეგ თბილი წყლით კარგად რეცხავდა გასუფთავებამდე. კარგად გარეცხილ დვრიტას აყრიდა საკმაოდ ბევრ მარილს და ინახავდა მინის ან თიხის თავდახურულ ჭუჭელში. დამარილებული დვრიტა ინახებოდა დიდხანს და არ იყო  აუცილებელი მაშინვე  ,,ყველის დედის“  დაყენება. მას აკეთებდნენ მაშინ, როცა ოჯახში რძე ჩნდებოდა და საჭირო ხდებოდა  ყველის გაკეთება.
    ,,ყველის დედის“ გასაკეთებლად იღებდნენ დამარილებული დვრიტის მხოლოდ ნაწილს, რომელსაც ასხამდნენ  შრატს (შრატი არის თხევადი მასა, რომელიც  მიიღება შედედებული ყველის გაწურვის შემდეგ). შემდეგ ამატებდნენ მარილს და დგამდნენ დაახლოებით ერთი კვირის ან ათი დღის განმავლობაში. ,,ყველის დედის“ გასამძაფრებლად მას ხშირად ამატებდნენ მცირე რაოდენობით ძმარს ან შაბს, რათა ყველი უფრო  ნასვრეტებიანი გამოსულიყო.  ხშირად მინახავს, რომ გაზაფხულზე ყრიდნენ ჭერმის ან ტყემლის მწვანე ნაყოფსაც. ასევე აგდებდნენ ერთ უმ კვერცხს, ყველის გასამაგრებლად. უკვე დაყენებულ ,,ყველის დედას“ გადაწურავდნენ  სხვა ჭურჭელში და გათავისუფლებულ დვრიტაზე კვლავ ასხავდნენ ახალ შრატს ,,ყველის დედის“ ხელახლა დასაყენებლად.
   მინდა ავღნიშნო, რომ   ,,ყველის დედის“ დასაყენებლად ასევე ძალიან ეფექტური იყო  ქათმის კუჭის შიდა გარსიც.
   მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მეთოდით უკვე აღარ ხდება ყველის შედედება, მაინც მიმაჩნია ის ძველი ტრადიციები არ უნდა დავივიწყოთ.
                           


Комментариев нет:

Отправить комментарий