ჩეჩილი ყველი

ჩეჩილი  ყველი
         ჩეჩილი ყველი საქართველოში წარმოებული ყველების ერთ-ერთი სახეობაა. მისი დამზადება ძირითადად დამახასიათებელი იყო სამცხე-ჯავახეთისა და აჭარისათვის, რაც გავძლევს იმის პირობას, ვიფიქროთ რომ ის დამახასიათებელი იყო ძირითადად ძველი მესხეთისათვის. გავესაუბრე ჩვენი სოფლის მკვიდრებს, რომლებმაც მომაწოდეს ინფორმაცია ჩეჩილი ყველის გაკეთების თავისებურებების შესახებ.
      ჩეჩილი ყველი მზადდება როგორც მოუხდელი, ისე მოხდილი რძისაგან და შედის უცხიმო ყველების კატეგორიაში. მისი დამზადება ხდება შემდეგნაირად:
       ახლადმოწველილ  და გამოტარებულ (მოხდილი)  რძეს აჩერებენ რამდენიმე საათის განმავლობაში. გაჩერების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ამინდზე. რაც უფრო ცხელა, იმდენად უფრო მალე ,,მოდის“ ანუ მზადაა უკვე გასაკეთებლად. მისი გაკეთების დრო დგება ორნაირად: ერთ შემთხვევაში ტაფაზე აცხელებენ დამდგარ რძეს რამდენიმე კოვზის მოცულობით და აცხელებენ. თუ გაცხელებული  რძისგან  გამოიყო  შედედებული ყველი და გახასდა ე.ი. რძე უკვე მზადაა ყველის გასაკეთებლად. მეორენაირად კი მხოლოდ გემოს უსინჯავენ რძეს. როგორც შეატყობენ, რომ მას შეცვლილი აქვს გემო (მიდის ოდნავ დამჟავებისაკენ) და ჭურჭლის ფსკერზე აქვს დანალექი მოსქელო მასა, ის უკვე მზადაა გასაკეთებლად. კარგი დიასახლისი ყოველთვის გასინჯვით ხვდება ყველის გაკეთების დროს და არ წვალობს და არ კარგავს დროს რძის ტაფაზე გაცხელებაზე.
        უკვე გამზადებულ რძეს შემოდგამენ ცეცხლზე და როგორც  კი ოდნავ შეთბება, იწყებენ მის მონოტონურ მორევას ხის ციცხვით. რძე რაც უფრო გაცხელებისკენ  მიდის, იმდენად იცვლის ფერს და ციცხვზე იმდენად იმატებს ხასი ყველის მასა. როცა კარგად გაცხელდება, ისე რომ ხელმა შეძლოს მისი დამუშავება, იღებენ ციცხვიდან და ამ მასას ისევ ცხელ შრატში დროდადრო  ჩაყოფით მას ხელიდან ხელში ატრიალებენ გასაწვრილებლად. ამ პროცესს მანამ აგრძელებენ, სანამ არ მიხვდებიან, რომ იგი მთლიანად დაიწურა შრატისგან. შემდეგ მას რამდენჯერმე ერთმანეთზე გადაახვევენ და გაჭიმავენ რამდენადაც შესაძლებელია და კიდევ რამდენიმეჯერ გადაახვევენ. უკვე დაწურულს ჩამოკიდებენ ან რაიმე ბრტყელ ჭურწელზე დადებენ, ოღონდ შუაში ჩაუტოვებენ რაიმე ნივთს, რომ დაგრეხილი ყველი არ შეერიოს გაცივებამდე.
კვე გაკეთებულ ყველს  პირველ დღეს აგდებენ შრატში, რომ შეინარჩუნოს ქათქათა   თეთრი ფერი, ხოლო მეორე დღიდან კი აგდებენ მარილწყალში და  შემდეგ ისე მიირთმევენ.
     თანამედროვე პერიოდში ძალიან გაიზარდა მოთხოვნა ჩეჩილზე და ის ყველის პრესტიჟულ კატეგორიაშიც კი გადის. მასზე არამარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთიდანაც დიდი მოთხოვნაა. ამერიკაშიც კი ჩააღწია ჩეჩილმა ყველმა, რაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი საამაყო ფურცელია.
                              

Комментариев нет:

Отправить комментарий